English / ქართული / русский /
მალხაზ ჩიქობავანაზირა კაკულია
კრიპტო ვალუტების თანამედროვე გენეზისი

ანოტაცია. ნაშრომში გაანალიზებულია ე.წ. კრიპტოვალუტების თანამედროვე გენეზისი. მიღებულია, ახალ კრიპტოინსტრუმენტებს ეწოდოს „ვალუტა“, „ფული“. მაგრამ ეს აშკარად გადაჭარბებაა. ნებისმიერი ფულის ძირითადი ფუნქცია „ღირებულების საზომის“ ფუნქციაა, ფულის დახმარებით განისაზღვრება ფასები საქონელზე, მომსახურებაზე, აქტივებზე, სამუშაო ძალაზე და ა.შ.. თვით თანამედროვე ოფიციალური ვალუტები ცუდად ასრულებს ამ ფუნქციებს, რადგან მსოფლიოში ჩამოყალიბდა ქაღალდის ფულის სტანდარტი, ხოლო ვალუტების კურსი მკვეთრი რყევებით ხასიათდება. მით უფრო მერყეობით ხასიათდება კრიპტოვალუტების კურსიც.

ზუსტად ასევე საეჭვოა, რომ კრიპტოვალუტები ასრულებს ფულის ზუსტად ისეთ ფუნქციას, როგორიცაა „გაცვლის საშუალებისა“ და „გადახდის საშუალების“ ფუნქციები. მრავალრიცხოვანი მაგალითი იმისა, თუ როგორ გამოიყენება კრიპტოვალუტები საქონლისა და მომსახურების საყიდლად _ რეკლამების კატეგორიებიდანაა. კრიპტოვალუტების გამოყენებით ყველა ოპერაციის ლომის წილი, ესაა სხვა ვალუტებზე გაცვლა. თუ გავითვალისწინებთ კრიპტოვალუტების კურსის მკვეთრ რყევებს, შეიძლება დარწმუნებით ვთქვათ, რომ ესაა მარტოოდენ სპეკულაციური ხასიათის ოპერაციები. მაშასადამე, კრიპტოვალუტები ფული არ არის, არამედ აზარტული თამაშების ინსტრუმენტი ე.წ. რულეტკის ან სათამაშო კარტის მსგავსი.

საკვანძო სიტყვები: ალტერნატიული ფული, კერძო ფული, ცენტრალური ბანკი, თავისუფალი ფული, კრიპტოვალუტა, ციფრული ფული, ვირტუალური ვალუტა, ელექტრონული ფული, ბიტკოინები, ბლოკჩეინები.

* * *

დღეს სულ უფრო ხშირად გვესმის ისეთი ახალი სიტყვები, როგორიცაა „კრიპტოვალუტა“, „ციფრული ფული“, „ვირტუალური ვალუტა“, „ელექტრონული ფული“, „ბიტკოინები“, „ელექტრონული საფულეები“, „ბლოკჩეინები“, „ალტერნატიული ფული“, „ქსელური ფული“ და ა.შ. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ მსგავსი ლექსიკონით სარგებლობდა ადამიანთა ძალიან ვიწრო წრე - მათემატიკოსები, პროგრამისტები, საგადახდო და საკომუნიკაციო სისტემის სპეციალისტები, გამშიფრველები ბანკებიდან და სპეცსამსახურებიდან.

დღეისათვის კრიპტოვალუტებზე, ბიტკოინებსა და სხვა აბსტრაქტულ საგნებზე უკვე მსჯელობენ ცენტრალური ბანკებისა და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების ხელმძღვანელები, უმაღლესი დონის პოლიტიკური მოღვაწეები. მაგალითად, ბოლო საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში კრიპტოვალუტებზე, ბლოკჩეინებსა და ბიტკოინებზე თემა მრავალი მონაწილის ყურადღების ცენტრში მოექცა. ამ თემაზე დავოსში თავისი აზრი გამოხატა კრისტინა ლაგარდმაც, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგულებელმა. ზემოთ ჩამოთვლილი ტერმინები აღწერს ნოვაციებს, რომლებმაც მოიცვა ფინანსების სამყარო XXI საუკუნეში. საუბარი ეხება ფინანსური ბაზრის უახლეს „ალტერნატიულ“ ოპერაციებსა და ინსტრუმენტებს. ტერმინოლოგია ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა, ამიტომ ზოგჯერ დისკუსიის მონაწილეებს უჭირთ ერთმანეთის გაგება. არანაკლებ რთულია ფინანსების სამყაროში მიმდინარე ცვლილებების შეფასება სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის, რომლებიც გამოსცემენ კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებს, ასევე სახელმწიფო ორგანოებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ზედამხედველობას ფინანსურ სექტორზე და ფინანსურ ბაზრებზე. იზრდება ინტერესი „ალტერნატიული“ ინტერესებისა და „ალტერნატიული“ ოპერაციების მიმართ ფინანსურ ბაზრებზე ტრადიციული კერძო ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან, აგრეთვე მილიონობით ჩვეულებრივი მოქალაქეების მხრიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

მთელ ამ ნოვაციებში გარკვევა მარტივი არ არის პროგრამისტების, მათემატიკოსების, კომუნიკაციის სპეციალისტების საკმაოდ რთული, პროფესიული ენის გამოყენების გამო. მაგალითად, ვიკიპედიაში, რომელიც, პრინციპში, გათვლილია ფართო აუდიტორიაზე, ჩვენ ვპოულობთ ერთ-ერთი საკვანო ტერმინის, „კრიპტოვალუტის“ (Cryptocurrency) შემდეგ განმარტებას: კრიპტოვალუტა _ ციფრული ვალუტის სახეა, რომლის ემისია და აღრიცხვა ეფუძნება დაცვის სხვადასხვა კრიპტოგრაფიული მეთოდების, როგორიცაა Proof-of-Work და/ან Proof-of-Stake ასიმეტრიულ დაშიფვრასა და გამოყენებას. სისტემის ფუნქციონირება ხდება დეცენტრალიზებულად განაწილებულ კომპიუტერულ ქსელში [Катасонов В.Ю. 2016, 340].

მარტივად რომ ავხსნათ, კრიპტოვალუტა, იმ პირთა გაგებით, რომლებმაც შექმნეს ეს ვალუტა და სარგებლობენ ამით, - ფულის ახალი სახეა, რომელიც არსებობს პარალელურად ტრადიციულ (ნაღდ და უნაღდო) ფულთან ერთად, მაგრამ მათგან არსებითად განსხვავდება.

პირველი, ასეთი „ალტერნატიული“ ფულით ოპერაციებს გააჩნია კარგი (ზოგიერთის მტკიცებით, 100 პროცენტიანი) ინფორმაციული დაცვა. აქედან მომდინარეობს ვალუტის სახელწოდებაც (ბერძნული სიტყვა „კრიპტო“ ნიშნავს ფარულს, საიდუმლოს).

მეორე, კრიპტოვალუტა _ მხოლოდ და მხოლოდ კერძო ფულია (ე.ი., ის იქმნება და ეკუთვნის კერძო პირებს). ასეთი ფული სრულად „ემანსიპირებულია“ სახელმწიფოსგან, ამ უკანასკნელის მარეგულირებელი და საზედამხედველო ფუნქციებისგან.

მესამე, ის იქმნება და მიმოიქცევა დეცენტრალიზებულ სისტემაში. იგულისხმება, რომ ასეთი სისტემა წარმოადგენს მაქსიმალურად „დემოკრატიულს“, სისტემის რომელიმე მონაწილეს არ აძლევს საშუალებას, დაეუფლოს სისტემას ან დააწესოს მასზე თავისი ერთპიროვნული კონტროლი.

ზოგიერთები ერთმანეთში ურევენ ოპერაციებს, რომლებიც ემყარება კრიპტოვალუტას, ინტერნეტ-ბანკინგთან (ელექტრონულ ბანკინგთან). მეორე შემთხვევაში გამოიყენება ჩვეულებრივი ვალუტები, ხოლო ოპერაციების დაცულობის ხარისხი უფრო დაბალია, რამდენადაც იქ სუსტ რგოლად იქცევა საბოლოო მოსარგებლეები; ასევე თვალთახედვიდან არ უნდა გამოგვრჩეს რისკები არაკეთილსინდისიერი შემმუშავებლის სახით. კრიპტოვალუტის მომხრეები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ფულის ეს ახალი სახე ადამიანებს უზრუნველყოფს მაქსიმალური თავისუფლებით. ისინი გამოდიან სახელმწიფოს მეურვეობიდან. ცენტრალურ ბანკებსა და ფინანსური ზედამხედველობის სხვა ინსტიტუტებს, რომლებიც ეჭვით ადევნებენ თვალყურს იმას, რომ არავინ ხელყოს საბანკო მონოპოლია ფულის ემისიის საქმეში, არ ძალუძთ გააკონტროლონ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ოპერაციები. კრიპტოვალუტებმა არ იცის ეროვნული საზღვრები, მათი გამოყენება შეიძლება იმ შემთხვევებშიც კი, როცა სახელმწიფოს შემოაქვს შეზღუდვები და აკრძალვები საერთაშორისო ანგარიშსწორებაზე. ფაქტობრივად, ესაა უახლესი, ელექტრონული ვერსია მრავალი საუკუნის განმავლობაში არსებული სისტემისა „ხავალა“ _ არაფორმალური საფინანსო-საანგარიშსწორებო სისტემისა, რომელიც გამოიყენებოდა უპირატესად აღმოსავლეთში, აფრიკასა და აზიაში (ეს სისტემა საშუალებას იძლევა გვერდი ავუაროთ ჩვეულებრივ ნაღდი ფულისა და უნაღდო ფულის საზღვარზე გადაადგილებას).

განსაკუთრებით დაკმაყოფილებულნი არიან კრიპტოველუტის გამოჩენით ავსტრიული ეკონომიკური სკოლის წარმომადგენლები, ლიბერტარიანელები. ისინი მთელი XX საუკუნის განმავლობაში დაჟინებით იბრძოდნენ ცენტრალური ბანკების მონოპოლიის წინააღმდეგ ფულადი ემისიის საქმეში, მხარს უჭერდნენ კერძო ფულზე გადასვლას (ამ სკოლის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლებია: მიზესი, ჰაიეკი, როტბარდტი).

დღეისათვის ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტა ბიტკოინია (BitCoin). ხშირად ის აღინიშნება ინგლისური აბრევიატურით BTC. ეს არის ვირტუალური ფული, რომელიც შექმნილია კერძო პირების მიერ, ამასთან, ასეთი ფულის ემიტენტი შეიძლება იყოს ძალიან ბევრი. BTC-ის შექმნისას გამოიყენება გარკვეული ალგორითმები და პროგრამები, რომლებიც მოწყობილია ისეთნაირად, რომ მაქსიმალური რაოდენობა ბიტკოინებისა, რომლის შექმნაც შესაძლებელია, შეადგენს 21 მილიონს. BTC-ის გაერთიანების ყოველ ახალ წევრს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს არა მხოლოდ ახალი ვალუტის გამოყენებაში, არამედ მის შექმნაშიც (ასეთ შექმნას ეწოდება „მაინინგი“ - ოქროს მოპოვების ანალოგიით). ადგილი აქვს BTC-ის მორიგი ბლოკის შექმნას, რომელიც აგრძელებს ბლოკების ჯაჭვის („ბლოკ-ჩეინების“) აგებას. BTC-ის რაოდენობა, ამ ფულადი ერთეულის შემმუშავებელთა ჩანაფიქრით, არ შეიძლება უსასრულოდ იზრდებოდეს. ბიტკოინი ამ თვალსაზრისით გვაგონებს ოქროს - ლითონის ფულს, რომელიც ხასიათდება შეზღუდული მარაგით ბუნებაში. BTC-ის შემმუშავებლები, როგორც ჩანს, საიდუმლოდ იმედოვნებენ, რომ ახალი ვალუტა მოემსახურება საქონლისა და მომსახურების ვაჭრობის დიდ ბრუნვას და წინდახედულად არიდებენ თავს შესაძლო ინფლაციურ ეფექტებს, დებენ რა მასში BTC-ის დეფიციტს. მიუხედავად იმისა, რომ BTC ვირტუალური ფულადი ერთეულია, მას უწოდებენ მონეტას და თვალსაჩინოებისათვის სარეკლამო მასალებში გამოსახავენ ოქროს წრის სახით [ჩიქობავა მ., კაკულია ნ., 2017: 261].

BTC ჯერ კიდევ თავის პირველ ნაბიჯებს დგამს. ახალი ვალუტის შესახებ ადამიანებმა პირველად გაიგეს 2008 წლის 31 დეკემბერს, როდესაც სამყაროს მოევლინა დოკუმენტი BTC-ის აღწერით, რომელსაც ჰქონდა პროექტის ავტორის, სატოში ნაკამოტოს (Satoshi Nakamoto) ხელმოწერა. მრავალი ვარაუდობს, რომ ეს არის ფსევდონიმი, რომლის მიღმა იმალება სხვა ადამიანი ან შემმუშავებელთა ჯგუფიც კი. ამ წლების განმავლობაში განხორციელდა მრავალი ჟურნალისტური კვლევა, მაგრამ ვერავინ შეძლო საკუთარი თვალით ენახა იდუმალი დამმუშავებელი სატოში ნაკომოტო. პროექტი დაიწყო 2009 წლის 3 იანვარს, როდესაც შეიქმნა პირველი ბლოკი BTC-ს ქსელში (ე.წ. გენეზის-ბლოკი). ეს დღე ითვლება ბიტკოინის დაბადების დღედ და BTC-ის გაერთიანების მიერ აღინიშნება მთელ მსოფლიოში.

დღეს უკვე მრავალ ქვეყანაში ჩამოყალიბდა BTC-ის სისტემის მონაწილეთა საკმაოდ ფართო ქსელი (BTC-ის საზოგადოება), რომელიც მოიცავს ე.წ. „მაინერებს“ (მათ, რომლებიც ქმნიან ვირტუალურ ფულს ბლოკების სახით), რიგით მოსარგებლეებს (რომლებიც აგროვებენ BTC-ს თავიანთ „ელექტრონულ საფულეებში“ და ხარჯავენ მას), რომლებიც სპეციალიზებულნი არიან ბირჟებზე. დასავლეთის ზოგიერთ ქვეყნებში გაჩნდა POS-ტერმინალები მაღაზიებში ბიტკოინებით ანგარიშწორებისათვის, ბანკომატები კრიპტოვალუტებისათვის, აპარატული „საფულეები“ ბიტკოინისათვის. BTC-ის გაერთიანება ითვლის მილიონობით წევრს. სისტემა შეიძლება წარმოვადგინოთ დეცენტრალიზებული გამომთვლელი ქსელის სახით, რომლის მწარმოებლურობა რვაჯერ და უფრო მეტად აღემატება მსოფლიოში „სუპერკომპიუტერის“ კლასის ყველა მანქანის ჯამურ გამოთვლით სიმძლავრეს.

BTC-ს ხშირად უწოდებენ ოქროს ელექტრონულ ანალოგს. ბიტკოინი - „მაინინგის“ - გამომთვლელი ოპერაციების პროდუქტია, რომელიც უზრუნველყოფს ტრანსაქციების გადაცემას ბლოკების ჯაჭვით. ადგილი აქვს ერთ ბლოკში ყველა ტრანსაქციის ჩაწერას, რომელიც შესრულებულია ქსელში წინა ბლოკის გამოშვების მომენტიდან (საშუალოდ, ბლოკების შექმნას შორის ინტერვალი შეადგენს დაახლოებით 10 წუთს), და ხდება მასზე „ბეჭდის დადება“ რთული კრიპტოგრაფიული ხელმოწერით. შემდეგი ბლოკი გამოითვლება წინამორბედის გამოწერის საფუძველზე. ყოველი მომდევნო ბლოკის „მოპოვების“ შრომატევადობა იზრდება. დასაწყისში 2009 წლის შემოდგომაზე ყველაფერი იყო ძალიან მარტივად და იოლად. 1 ერთეული BTC-ს ყიდვა შესაძლებელი იყო ერთ ცენტზე უფრო იაფად. მაგრამ BTC-ს ერთეულის „მოპოვების“ შრომატევადობა და მსყიდველობითუნარიანობა სწრაფად იზრდებოდა. BTC-ს გამოყენება დაიწყეს თავდაპირველად ყველაზე უბრალო საქონლის (მაგალითად, ფინჯანი ყავის და პიცების) საყიდლად, შემდეგ ის გამოიყენებოდა ფიჭური ტელეფონებისა და კომპიუტერების საყიდლად. წარმოიშვა სპეციალიზებული ბირჟები, სადაც ვაჭრობდნენ BTC-ის „მონეტებით“ ჩვეულებრივ ვალუტაზე. იყო მომენტი, როცა BTC-ის საბირჟო კურსმა მიაღწია 1000 აშშ-ის დოლარს [Катасонов В.Ю. 2017, 165].

ამასთან, BTC არ წარმოადგენს ერთადერთ კრიპტოვალუტას მსოფლიოში. ზოგიერთი შეფასებით, არსებობს ათასზე მეტი მსგავსი ვირტუალური ვალუტა. მათგან ნაწილი წარმოებულია BTC-სგან, სხვები სრულიად ავტონომიურია, შექმნილი არიან „ნულიდან“. კრიპტოვალუტების საერთო მოცულობა, რომლებიც გამოშვებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, დღეისათვის ითვლის თანხას, რომელიც რამდენიმე მილიარდი დოლარის ეკვივალენტურია. ჯერჯერობით ესაა ზღვაში წვეთი. მაგრამ, ვირტუალური ვალუტის მომხრეები არ დუნდებიან. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ კრიპტოვალუტების ემისიის მოცულობა სწრაფად გაიზრდება, რადგანაც კრიპტოვალუტებს უდავო უპირატესობა გააჩნია ჩვეულებრივ ფულთან შედარებით. გარდა ამისა, BTC და სხვა ვირტუალური ფული ხასიათდება დეფლაციური ეფექტით, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი დღევანდელი მასაც კი გაზრდის თავის მსყიდველობითუნარიანობას.

2009 წლიდან, როცა ამოქმედდა კერძო ციფრული სავალუტო პროექტი “ბიტკოინი”, არ ცხრება კამათი იმასთან დაკავშირებით, თუ რას წარმოადგენს ეს ახალი ვალუტა და რამდენად ლეგალურია ის. ამ საკითხების განხილვაში ჩაერთო მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის მონეტარული ხელისუფლება. მათ უნდა ჩამოეყალიბებინათ პრაქტიკულად თავიანთი დამოკიდებულება ბიტკოინების და სხვა კერძო ციფრული ვალუტების მიმართ: აეკრძალათ ისინი თუ მოეხდინათ მათი ლეგალიზება და მიეჩინათ მათთის გარკვეული ნიშა, რომლის ფარგლებს არ უნდა გაცდენოდა ახალი ვალუტები. პირველი და ყველაზე ბუნებრივი რეაქცია მონეტარული ხელისუფლებების მხრიდან იყო კერძო ციფრული ვალუტების უკანონოდ გამოცხადება, რომლებიც არღვევდნენ არსებული კონსტიტუციებითა და დადგენილი კანონებით ფულის გამოშვებაზე ცენტრალური ბანკების მონოპოლიას. მაგრამ ასეთი აკრძალვები არაეფექტიანი აღმოჩნდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ახალი ვალუტები არსებობს `პარალელურ სამყაროში”, რომლებიც ხელმიუწვდომელია ცენტრალური ბანკებისა და სხვადასხვა ფინანსური რეგულატორებისთვის. ტყუილუბრალოდ არ უწოდებენ მათ `კრიპტოვალუტებს”, რომელთა მეშვეობით განხორციელებული ოპერაციები დახურულია მაკონტროლებელი და საზედამხედველო ორგანოების ფხიზელი თვალისათვის, ხოლო ოპერაციების მონაწილეები დამატებით დაშიფრულნი არიან და ინარჩუნებენ ანონიმურობას. კერძო ციფრული ვალუტების ამგვარი ჩაკეტილობის დროს ირღვევა ფულის გამოშვებაზე ცენტრალური ბანკების არა მხოლოდ მონოპოლია, არამედ რთულდება სახელმწიფოს საგადასახადო ორგანოების საქმიანობა, ვინაიდან მათთვის დაფარულია გარიგებები, რომლებიც განხორციელებულია ახალი ვალუტებით.

სწორედ ამიტომ, ზოგიერთი ქვეყნის მონეტარულმა ხელისუფლებამ (საგადასახადო სამსახურებთან ერთად) დაიწყეს უკანდახევა კერძო ციფრული ვალუტების მიმართ მკაცრად ამკრძალავი კურსიდან (`აკრძალვების” პოლიტიკისგან). კორექტირებული პოლიტიკა უკვე გამიზნულია იმისკენ, რომ გამოყვანილ იქნეს ციფრული ვალუტები იატაკქვეშეთიდან და განისაზღვროს მათთან დამოკიდებულების წესები.  ამ კურსს შეიძლება ვუწოდოთ `მოშინაურების~ პოლიტიკა.

მაგრამ, ზოგიერთი ქვეყანა კიდევ უფრო შორს წავიდა. ამ ქვეყნებში, მონეტარული ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თუკი რაიმე ახალი მოძრაობის აკრძალვა ან აღმოფხვრა რთული ან შეუძლებელია, მაშინ საჭიროა მისი მოქცევა გარკვეულ ჩარჩოებში და მის სათავეში ჩადგომა. ზოგიერთი ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა თავად შექმნას საკუთარი ციფრული ვალუტები და მოახდინოს მათი დახმარებით დამოუკიდებელი კერძო ციფრული ვალუტების განდევნა . ქცევის ამგვარ მიმართულებას შეიძლება ვუწოდოთ `ლიდერობის~ პოლიტიკა.

მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნების უმრავლესობის პოლიტიკა კერძო ციფრული ვალუტების მიმართ ხასიათდება მონეტარული ხელისუფლების დაბნეულობით და მიღებული გადაწყვეტილებების წინააღმდეგობრიობით. მრავალი ქვეყნის მთავრობების ფინანსურ-ეკონომიკური ბლოკის უწყებების ხელმძღვანელებსა და საექსპერტო საზოგადოებას შორის ციფრული ვალუტების ლეგიტიმურობის თაობაზე არათუ თანხმობა არსებობს, არამედ დიამეტრულად საწინააღმდეგო შეხედულებებს აქვს ადგილი. ექსპერტების შეფასებით, დღეისათვის მსოფლიოში დაახლოებით 600-მდე კერძო ციფრული ვალუტა არსებობს, მაგრამ ძირითადი ბიტკოინია (BTC). ბიტკოინების მონეტების ერთობლივი რაოდენობა 2017 წლისათვის შეადგენდა 16 მილიონს. თუ გამოვალთ იქიდან, რომ ერთი `მონეტა~ ეკვივალენტურია 10 ათასი დოლარის (გასული წლის საშუალო ფასის), მაშინ გამოდის, რომ ამ ვალუტის მსოფლიო მოცულობა ეკვივალენტურია 160 მლრდ დოლარის. ცენტრალური ბანკების მიერ ემიტირებული ნაღდი ფულის ასტრონომიული მოცულობის ფონზე (რომ არაფერი ვთქვათ იმ უნაღდო ფულზე, რომლებიც გამოშვებულია კომერციული ბანკების მიერ) ეს მიკროსკოპული მოცულობაა. და აი, ეს ფულადი `მიკრობი~, რომელსაც ბიტკოინი ეწოდება, იწვევს ასეთ ძლიერ შფოთვას ფულის სამყაროში. ბიტკოინების თემა შესულია ცენტრალური ბანკების, ხაზინების, საგადასახადო უწყებების, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (დავოსის) და ა.შ. სხდომების დღის წესრიგში. როგორც ჩანს, ბიტკოინად წოდებულ მიკრობს შეუძლია დააინფიციროს ფულის მთელი სამყარო, რითაც გამოიწვევს მტკივნეულ რეაქციებს. ან სულაც შეუძლია გამოიწვიოს ტრადიციული ფულის სამყაროს ლეტალური დასასრული [Катасонов В.Ю. 2017, 168].  

ზოგიერთ ექსპერტთა აზრით, 2017 წლის 1 აპრილს ციფრული ფულის სამყაროში ადგილი ჰქონდა ძალზე მნიშვნელოვან მოვლენას. ამ დღეს იაპონიაში პარლამენტმა მიიღო კანონი კრიპტოვალუტებზე, რომლის პროექტი შემუშავებულ იქნა იაპონური ფინანსური რეგულატორების მიერ (Financial Services Agency, FSA). დოკუმენტი პარლამენტს წარედგინა 2016 წლის ოქტომბერში უმრავლესობის – იაპონიის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის მიერ კომეიტოს პარტიასთან ერთად. ახალი კანონის არსი გამოიხატება იმაში, რომ ბიტკოინმა და სხვა კრიპტოვალუტებმა მიიღო ჩვეულებრივი ფულის სტატუსი, რომლებიც მიმოიქცევა ქვეყანაში ეროვნულ ფულად ერთეულთან _ `იენასთან~ ერთად. კრიპტოვალუტები შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქონლისა და მომსახურების საყიდლად ან იჯარის ასანაზღაურებლად. ბუნებრივია, კერძო ციფრული ვალუტების გამოყენება შეიძლება მხოლოდ უნაღდო ფორმით ელექტრონული საგადახდო სისტემების მეშვეობით. ფორმალურად ნებადართულია კრიპტოვალუტების გამოყენება გადახდის საშუალებად. ამასთან, განისაზღვრა ბიტკოინის იენასთან მიმართებაში კურსის დადგენის პროცედურები. მაგრამ, ამ დროს ბიტკოინის იენაზე და სხვა კანონიერ ვალუტებზე გაცვლის ოპერაციებზე დაწესდა 8 პროცენტიანი გადასახადი, რამაც საშუალება არ მისცა კრიპტოვალუტას, ჩათვლილიყო სრულფასოვან ვალუტად. არსებული კანონი არ ითვალისწინებს გადასახადის დაუყოვნებლივ გაუქმებას. საჭიროა უამრავი ტექნიკური საკითხის გადაჭრა, რომლებიც უკავშირდება გადასახადებით დაბეგვრას და ოპერაციების კონტროლს, რაც განხორციელებულია ბიტკოინების გამოყენებით. აუდიტური სტანდარტის იაპონურ საბჭოს დაევალა, მოემზადებინა სრული ერთიანი საერთო წესები კრიპტოვალუტებზე ნახევარი წლის განმავლობაში. ამის შემდეგ, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, კანონი ფაქტობრივად ამუშავდება. ტოკიოს ქცევის ახლანდელ მიმართულებას კრიპტოვალუტებთან მიმართებაში შეიძლება ვუწოდოთ კერძო ციფრული ვალუტების `მოშინაურების” პოლიტიკა. კრიპტოვალუტების გამოყენებას, მიღებული კანონის თანახმად, თან ახლავს სხვადასხვა საკმაოდ ხისტი მოთხოვნები. მოითხოვება ლიცენზიები კრიპტოვალუტებით ოპერაციების განსახორციელებლად, რისთვისაც კომპანიებს მოუწევთ შენატანების გადახდა 300 ათასი დოლარის ოდენობით (ამასთან, ლიცენზიაზე უარის თქმის შემთხვევაში ფული უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება). ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ლიცენზირების იაპონური მოდელი BitLicense-ის სისტემის მსგავსია, რომელიც შემოღებულ იქნა 2015 წელს ნიუ-იორკის შტატის მიერ. გარდა ამისა, კომპანიებისთვის, რომლებიც მუშაობენ კერძო ციფრული ვალუტით, აუცილებელი იქნება იქონიონ სარეზერვო საშუალებები 100 ათასი დოლარის ოდენობით, რეგულარულად მოახდინონ ანგარიშგება ფინანსური რეგულატორების მიმართ და გაიარონ გარე აუდიტი საგადასახადო სამსახურში.

აღსანიშნავია, რომ იაპონიაში ამჟამად კრიპტოვალუტების მასშტაბები მიკროსკოპულია. ბიტკოინებისა და სხვა კრიპტოვალუტების შიგა ბრუნვა იაპონიაში 2015 წლისათვის შეადგენდა 185 მილიონ იენს (1,67 მილიარდ დოლარს). მოსალოდნელია, რომ 2020 წლისათვის ის გაიზრდება ტრილიონ იენამდე. მაგრამ ეს ოდენობაც არ არის შთამბეჭდავი. მიუხედავად ამისა, ასეთ `მიკრობებს~ მიეძღვნა სპეციალური კანონები იაპონიაში, ხოლო გასული წლის 1 აპრილს მისმა მიღებამ გამოიწვია გაცხოველებული რეაქცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მთელ მსოფლიოში.

მრავალმა ექსპერტმა ნაადრევად განაცხადა, რომ კრიპტოვალუტების განვითარების პროცესს მსოფლიოში სათავეში ჩაუდგა იაპონია, რითაც მეორე პლანზე გადაინაცვლეს იმ ქვეყნებმა, რომლებიც აცხადებდნენ პრეტენზიას ამ როლზე. ეს, უპირველეს ყოვლისა, ჩინეთია. მართლაც, 2016 წლის ბოლოსათვის, ჩინეთი ითვლებოდა ბიტკოინების სამყაროს `ბირთვად~. და ეს ხდებოდა მაშინ, როცა ამ ქვეყანაში ბიტკოინის მიმართ მონეტარული ხელისუფლება უკიდურეს სიფრთხილეს იჩენდა და თავს იკავებდა მისთვის ფულის სტატუსის მინიჭებისგან. ჩინურ ბანკებს კატეგორიულად აეკრძალათ ბიტკოინებით ოპერაციები. მაგრამ, ჩინურმა ბირჟებმა მსგავსი უფლება მიიღეს. ზოგიერთი ბირჟა სპეციალურად ბიტკოინებით ოპერაციებისათვის შეიქმნა. ანალიტიკური ფირმის Chainanalysis-ის შეფასების თანახმად, 2016 წლის პირველ ნახევარში მთელ მსოფლიოში ბიტკოინებით განხორციელებული ტრანსაქციების 42% განხორციელდა ჩინეთში, სადაც ბიტკოინები განიხილება არა როგორც ფული, არამედ საბირჟო ოპერაციების ინსტრუმენტი. დაახლოებით ისეთი, როგორიცაა ფასიანი ქაღალდები ან ფინანსურ-წარმოებული ინსტრუმენტები, ან სულაც, როგორც მარცვლეულის ან ნავთობის მსგავსი საბირჟო საქონელი. მისი განსაკუთრებულობა მხოლოდ ის იყო, რომ წარმოადგენდა უფრო ვირტუალურ საქონელს. მისი ვირტუალურობა უფრო მაღალია, ვიდრე საფონდო ბირჟაზე მიმოქცევაში არსებული აქციების, ობლიგაციებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ვირტუალურობა. ბიტკოინს რეალურ აქტივთან არანაირი მიბმა არ გააჩნია. ეს არის ფაქტობრივად ფული `ჰაერიდან~. უფრო ზუსტად, ეს არის ფული კომპიუტერიდან, რომელიც კრიპტოვალუტების თავისებური `საბეჭდი მანქანა~ გახდა. ეგაა, რომ შექმნის პროცესს ეწოდება არა ემისია, არამედ მაინინგი (`მოპოვება~ _ რომელიც მიწიდან ოქროს მოპოვების მიმართ მინიშნებაა). ასე რომ, ჩინეთი მიმდინარე ათწლეულის შუა პერიოდში გადაიქცა ბიტკოინის მაინინგის მსოფლიო ცენტრად (ნებისმიერი შეფასებით, მსოფლიო `მოპოვების~ ნახევარზე მეტი მოდის ჩინეთზე).

მაგრამ, 2016 წლის ბოლოსა და 2017 წლის დასაწყისისათვის ჩინეთში კრიპტოვალუტის მიმართ პოლიტიკაში ძლიერი ცვლილებები მოხდა. განპირობებულია იმით, რომ ქვეყნიდან გააქტიურდა კაპიტალის გადინება, მათ შორის, არალეგალური არხებით და ბიტკოინების გამოყენებით. ზემოთ ნახსენები ფირმის Chainanalysis-ის შეფასებით, 2016 წელს ბიტკოინების დახმარებით ჩინეთიდან გატანილ იქნა 2 მლრდ დოლარი. ამიტომ, ჩინეთის სახალხო ბანკმა და ქვეყნის სხვა ფინანსურმა რეგულატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, გაამკაცრონ კრიპტოვალუტების ბირჟების მუშაობის წესები. განსაკუთრებით სერიოზული გახდა ბიტკოინების გატანაზე შეზღუდვები საბირჟო მოედნების ფარგლებს გარეთ. როგორც ჩანს, ჩინეთმა ციფრული ვალუტების `მოშინაურების~ პოლიტიკიდან `ლიდერობის~ პოლიტიკაზე გადასვლა გადაწყვიტა. ეს გამოიხატება იმაში, რომ 2017 წლის მარტში ჩინეთის სახალხო ბანკმა განაცხადა იმის შესახებ, რომ მოქმედებაში უშვებს საკუთარი ციფრული ვალუტების შექმნის პროექტს, რომელიც მიმოქცევაში იქნება ოფიციალურ იუანთან ერთად. მაგრამ ამ განცხადებამ შედეგი ვერ გამოიღო. ჩინეთმა მკვეთრად დაკარგა თავისი მიმზიდველობა, როგორც ბიტკოინის მსოფლიო ცენტრმა. ასეთად შეიძლება იქცეს მისი მეზობელი იაპონია.

საინტერესოა ვნახოთ კრიპტოვალუტების მიმართ სხვა ქვეყნების დამოკიდებულებები. აშშ-ში ეს დამოკიდებულება შეიძლება შეფასდეს, როგორც მთლიანობაში საკმაოდ თავშეკავებული. ყოველ შემთხვევაში, ფედერალურ დონეზე ბიტკოინების ფულად აღიარებამდე საქმე არ მისულა. მეორე მხრივ, ამერიკაში კრიპტოვალუტების მიმართ ნორმატიული ბაზა ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა, ამიტომ, დე-ფაქტო ბიტკოინი იქ საკმაოდ ფართოდ გამოიყენება. 2013 წლის ნოემბერში აშშ-ის სენატში იმსჯელეს ბიტკოინების თაობაზე, რომლის დროსაც გადაწყდა არ აკრძალულიყო კრიპტოვალუტების მიმოქცევა, არამედ დაწყებულიყო მუშაობა ამ ბიზნესის რეგულირებაზე. ადგილი აქვს ცდებს, მოხდეს ფირმების ლიცენზირება, რომლებიც დაკავებულნი არიან ოპერაციებით ბიტკოინების გამოყენებით. რამდენიმე ამერიკული გაცვლითი პუნქტი (მაგალითად, BitInstant) იძულებული გახდა დახურულიყო სათანადო ფინანსური ლიცენზიის მიღებამდე. ბიტკოინების მიმართ გაზრდილ ყურადღებას იჩენს აშშ-ის საგადასახადო სამსახური. 2014 წელს მან გამოსცა სახელმძღვანელო ბიტკოინებითა და სხვა ვირტუალური ვალუტებით განსახორციელებელი ოპერაციების დანეგვრის თაობაზე. ამ დოკუმენტის თანახმად. ფედერალური გადასახადების გამოთვლით, ბიტკოინები განიხილება როგორც ქონება ან საინვესტიციო აქტივი და არა როგორც ვალუტა. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი, რომლებიც ყიდულობენ ბიტკოინებს, მათი გაყიდვის დროს ღებულობენ მოგებას `კაპიტალის მატებიდან~ და არა `საკურსო სხვაობიდან~ (როგორც ამას აქვს ადგილი ჩვეულებრივი ვალუტებით ოპერაციების დროს). ბიტკოინების გამოშვებიდან მოგება ასევე იბეგრება გადასახადებით (მსგავსად იმისა, როგორც შექმნილი საქონელი და მომსახურება იბეგრება). მაგრამ ამერიკაში ყველა როდი ეთანხმება იმას, რომ ბიტკოინი მხოლოდ `ქონება~, `საქონელი~ ან `აქტივია~. ვაშინგტონში, კონგრესის როგორც ქვედა, ისე ზედა პალატაში არსებობენ `სახალხო რჩეულები~, რომლებიც ლობირებენ ამერიკული კანონების შესწორებებს, რათა მოხდეს ბიტკოინის, როგორც სრულფასოვანი ვალუტის ლეგალიზაცია, რომელიც იარსებებს აშშ-ის დოლართან ერთად (ანალოგიურად იაპონიაში მიღებული კანონისა). რაც შეეხება ცალკეულ შტატებს, მათ დონეზე კრიპტოვალუტების ლეგალიზაცია უფრო წინაა წასული, ვიდრე ვაშინგტონში. ჯერ კიდევ 2013 წლის აგვისტოში ტეხასის შტატის აღმოსავლეთი რეგიონის მოსამართლემ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: ვინაიდან ბიტკოინების გამოყენება შესაძლებელია ფულის სახით საქონლის საყიდლად ან ჩვეულებრივ ვალუტებზე გადასაცვლელად, როგორიცაა აშშ დოლარი, ევრო, იენი ან იუანი, მაშინ ბიტკოინი წარმოადგენს ვალუტას. 

ექსპერტები პერიოდულად ადგენენ ქვეყნების რეიტინგებს სიმკაცრის ან, პირიქით, ლიბერალური მიდგომის მიხედვით კრიპტოვალუტებთან მიმართებაში ხელისუფლებების დამოკიდებულების მხრივ. 2016 წლის ბოლოსათვის, იმ ქვეყნების ხუთეულში, რომლებიც ყველაზე ლიბერალური რეჟიმით გამოირჩევიან კრიპტოვალუტებთან მიმართებაში, შედიოდა დიდი ბრიტანეთი, დანია, შვედეთი, ფინეთი, ნიდერლანდები. მაგრამ, თვით ამ ქვეყნებშიაც კი კრიპტოვალუტები კვალიფიცირდება არა როგორც ფული, არამედ `აქტივი~, `ფინანსური მომსახურება~, `ვირტუალური საქონელი~ და ა.შ. შეფასების კრიტერიუმად გამოიყენება ბანკომატების რაოდენობა, რომლითაც ხორციელდება კრიპტოვალუტების გაცვლა; მაინინგების რაოდენობა; საბირჟო ოპერაციების ბრუნვა ვირტუალური ვალუტების გამოყენებით და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ზოგიერთმა (დიდმა ბრიტანეთმა და ნიდერლანდებმა) განაცხადეს ოფიციალური ციფრული ვალუტების გამოშვების გეგმების შესახებ. ყურადღება უნდა მივაქციოთ ევროპული სასამართლოს (European Court of Justice, ECJ) 2015 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებას კრიპტოვალუტების შესახებ. სასამართლომ დაადგინა, რომ ბიტკოინების ჩვეულებრივ ვალუტებზე გაცვლის ოპერაციები თავისუფლდება დამატებული ღირებულების გადასახადისგან. სასამართლოს გადაწყვეტილებაში დაზუსტებულია, რომ დღგ-ზე კანონი ვრცელდება საქონლის მიწოდებასა და მომსახურების გაწევაზე. ბიტკოინებში განხორციელებული ტრანსაქციები მიეკუთვნა საგადახდო ოპერაციებს ვალუტებით, მონეტებითა და ბიტკოინებით და ამიტომ, ისინი არ უნდა დაექვემდებაროს აღნიშნულ დაბეგვრას. სასამართლომ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას გაუწია რეკომენდაცია, გამოერიცხათ კრიპტოვალუტები აქტივების რიცხვიდან, რომლებიც ექვემდებარებიან გადასახადებით დაბეგვრას. მაგრამ, მრავალი ევროპული ქვეყანა ჯერჯერობით არ ჩქარობს ცხოვრებაში გაატაროს ევროპული სასამართლოს რეკომენდაცია. ვფიქრობთ, 2017 წლის 1 აპრილს იაპონიაში კრიპტოვალუტაზე მიღებული კანონის შემდეგ, ეს ქვეყანა შეიძლება შევიდეს კრიპტოვალუტების მსოფლიო ლიდერების ჯგუფში ან სულაც სათავეში ჩაუდგეს მას.

ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ ამ მომენტამდე იაპონია განეკუთვნებოდა კრიპტოვალუტებთან მიმართებაში ყველაზე მკაცრი რეჟიმის მქონე ქვეყნების რიგებს. ეს აიხსნება იმით, რომ 8 პროცენტიანი გადასახადი ვირტუალურ ვალუტაზე გაცვლაზე ძალიან უშლიდა ხელს იაპონურ ბიზნესს და იაპონელ მოქალაქეებს, ესარგებლათ ამგვარი ვალუტებით. მკაცრი რეჟიმების მქონე ქვეყნების ჯგუფში შედის აგრეთვე აშშ, ავსტრალია, ისლანდია, ჩინეთი. მაგალითად, ისლანდიას გააჩნია ევროპაში ყველაზე სერიოზული შეზღუდვები და აკრძალვები ბიტკოინებით ოპერაციებზე. კერძოდ, უცხოურ ვალუტაზე ეროვნული კანონი მოქალაქეებს უკრძალავს ბიტკოინების უცხოურ ვალუტებზე გაცვლის ოპერაციებს. მოცემული გადაწყვეტილება მიმართულია ისლანდიიდან ადგილობრივი ვალუტების გადინების აღსაკვეთად. მართალია, ეს აკრძალვა მოცემული სახელმწიფოს მოქალაქეებს ხელს არ უშლის, დაკავდნენ კრიპტოვალუტების მაინინგით, რომელმაც იქ დიდ მასშტაბებს მიაღწია. ისლანდიაში `მოპოვებული~ ბიტკოინები გაიტანება სხვა ქვეყნებში, სადაც შესაძლებელია კრიპტოვალუტების გადაცვლა ჩვეულებრივ ვალუტებზე. ქვეყნების მოცემული ჯგუფი (მკაცრი რეჟიმის მქონე) ხასიათდება იმით, რომ ბიტკოინების ეროვნულ ვალუტაზე გაცვლის დროს აუცილებელია გადასახადების გადახდა. ბიტკოინებით ოპერაციების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ლიცენზიების არსებობისას. ასეთ ქვეყნებში ბანკებს ეკრძალებათ კრიპტოვალუტებით ოპერაციების განხორციელება. ზოგჯერ ბანკები უარს ამბობენ იმ კომპანიების მომსახურებაზე, რომლებიც ოპერაციებს ახორციელებენ ბიტკოინებით (როგორც ჩანს, აქ არსებობს საშიშროება იმისა, რომ ეს კომპანიები შეიძლება დაკავდნენ `გათეთრების~ უკანონო ოპერაციებით). ამგვარად, 2015 წლის სექტემბერში, ავსტრალიის უმსხვილესი ბანკების ჯგუფმა, რომელიც მოიცავს Westpac Banking Corporation-ს და СВА-ს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დახურა, სულ მცირე, 17 ბიტკოინ-კომპანიების ანგარიშები. კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კომისიას მოუწია გარკვეულიყო იმაში, თუ რამდენად შეესაბამებოდა ასეთი დემარში კანონს. რაც შეეხება საქართველოს, ის ასევე განეკუთვნება `მკაცრი~ რეჟიმების მქონე ქვეყნების ჯგუფს.

ამასთან უნდა აღვნიშნოთ, რომ მითითებულ რეიტინგებში არ ხვდება ქვეყნები, რომლებმაც შემოიღეს 100 პროცენტიანი აკრძალვები კრიპტოვალუტების გამოყენებაზე. ასეთი `დიქტატორული~ რეჟიმების სიაში ფიგურირებს ბოლოვია, ეკვადორი და ბანგლადეში.

გამოყენებული ლიტერატურა

1. ჩიქობავა მ., კაკულია ნ., 2017, გლობალური ეკონომიკური კრიზისი და ალტერნატიული ფული. პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი, გვ. 261.

2.  Катасонов В.Ю. 2016, Смерть денег. Куда ведут мир «хозяева денег». Метаморфозы долгового капитализма. - М.: Книжный мир, пмю 340.

3.  Катасонов В.Ю. 2017, Закрытый мир финансов. Трасты и оффшоры. - М.: Книжный мир, გვ. 165.

4.  Катасонов В.Ю. 2017, Закрытый мир финансов. Трасты и оффшоры. - М.: Книжный мир, გვ. 168.